„საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება“ - TI კონფერენციას მართავს
„საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება“ - ამ თემაზე ამ წუთებში თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილავენ გეგმას, როგორ უნდა მიიღოს მოქალაქემ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში და როგორ გააკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლის შესრულებასაც ევროკომისია საქართველოს სთხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროზეა აუცილებელი და რომ მას ფასადური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
ეფექტური საპარლამენტო კონტროლი არ არის, მხოლოდ ქაღალდზეა ეს და გვინდა, რომ უფრო მეტი დისკუსიით და უფრო მეტი საუბრით ამ ყველაფერზე, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებების დონეზე ამას შევუწყოთ ხელი. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი არის, რომ ხელისუფლება იყოს დანაწილებული შტოებს შორის და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უნდა ჰქონდეს კონტროლი საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი მის სხვადასხვა მიმართულებაზე, ისეთზე, როგორიც არის, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენ ვაპირებთ ამ თემასთან დაკავშირებით კონცეფციის შემუშავებასაც, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს და საზოგადოებას, რომელიც ასევე იქნება, ბუნებრივია, იმაზე პასუხი, რასაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.