"ერთი ხელმოწერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ ჩემს შვილებს მამა" - სააკაშვილი პრეზიდენტს მიმართავს
"ქალბატონ სალომეს ერთი ხელის მოწერით შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი", - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან მისი შეწყალების საკითხზე გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და მის რამდენიმე გამონათქვამს პასუხობს, როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა ემოციურად მხნედ არის. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა. ასევე, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს ის საარჩევნო კამპანიას ატარებს:
ამავე დროს, "ლე მონდი" თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა მისი შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას ყველა სახელმწიფო მეთაური, რომელსაც ის შეხვდა. მე არ მინდა, ზელენსკისგან, მაკრონისგან განსხვავებით, ვინც ამისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ვირწმუნე, რომ ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს ძალას და მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება. ამიტომ, სულიერად ვარ მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მ,აქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, სამწუხაროდ, ეს ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს ერთი ხელის მოწერით შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. ქალბატონი სალომე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიას იქიდან აწარმოებსო. მე და ქალბატონი სალომე ვსწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში, არ მგონია, კოლუმბიის უნივერსიტეტში მისთვის ვინმეს ესწავლებინა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმა არსებობს გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება - ის ამბობს, რომ ეს არის ნორმალური, საარჩევნო კამპანიას აწარმოებსო. როცა ის ამბობს, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნა, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თქვენი პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე, 2 საქმესაც აღძრავენ და 30-საც, მაგრამ ეს იყოს რუსი ოლიგარქის და მისი რუსეთში პატრონების პასუხისმგებლობა, რატომ იღებთ თქვენ თავზე ამ პასუხისმგებლობას, გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის საერთაშორისო მხარდაჭერაც. ძალიან დიდი, მათ ერთი სული აქვთ, როცა აღარ იქნებით პრეზიდენტი,“ - ამბობს სააკაშვილი.