ჩემს თავზე ვიღებ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას, უნდა დავაბრუნოთ ის ხალხი, ვინც ნაჩქარევად გაყვანილ იქნა - სააკაშვილი
"მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს და შეეცდება დააბრუნოს ყველა ის წევრი პოლიტსაბჭოში, რომლებიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, "ნაჩქარევად გაყვანილ იქნა".
მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილო მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემს თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოხდეს პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სახვა ადამიანებისთვის ასევე.
ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც ნაჩქარევად გაყვანილ იქნა. დღევანდელი პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მაგრამ კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ, რომ არ იყოს გაყოფა და მე ვიქნები ამის ორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება,“ - ამბობს სააკაშვილი.