მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს - სააკაშვილი პარტიაში არაფორმალურ მმართველობას არ ადასტურებს
"შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილი თანაგუნდელების მიმართ.
სააკაშვილმა პარტიაზე საუბრისას არაფორმალური მმართველობის შესახებ არსებულ კითხვებს მკაფიოდ უპასუხა და თქვა, რომ "მას ვერავინ მართავს".
"როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს. თუ ჩემს არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს..." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.
სააკაშვილი შეეხო ასევე ძველი წევრების გასვლას პარტიის პოლიტსაბჭოდან და პირდაპირ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს.
"უნდა დავაბრუნოთ ის ხალხი, ვინც ნაჩქარევად გაყვანილ იქნა" - ამბობს სააკაშვილი.