ქალი ოპოზიციონერების მხრიდან განხორციელებული ძალადობაც მიუღებელია - კალაძე
"ოცნების" გენერალური მდივანი ძალადობაში მხილებული თანაპარტიელების გამართლებას ცდილობს და ქალ ოპოზიციონერებს ძალადობაში ადანაშაულებს. საუბარია ლევან მგალობლიშვილზე, ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურზე, რომლებმაც ქალ დეპუტატებს სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენეს.
ყოველთვის ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. იმ ქალბატონების მხრიდანაც განხორციელებული ძალადობა, მაგალითად, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. აი, თქვენ, როგორც ჟურნალისტს, მოგეწონათ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ ერთობლიობაში, ის ქალბატონები? არ იყო ეს მისასალმებელი და რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან მგალობლიშვილმა წინ პარლამენტის სხდომაზე ჯერ თინა ბოკუჩავას აგინა, შემდეგ კი ანი წითლიძის ტრიბუნიდან მოგლეჯილი მიკროფონით ცემას უპირებდა. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მგალობლიშვილმა შეურაცხყოფა "პირველების" ჟურნალისტს მიაყენა. ცოტა ხნის წინ მგალობლიშვილის თანაგუნდელი ბერაია კი სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდიას ლანძღავდა.