როცა თავად აგინებენ, ქალები არ არიან და პასუხი თუ დაუბრუნეს, კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან - მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე თავს ქალ ოპოზიციონერებს ესხმის. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ქალების მხრიდან შეურაცხყოფაზე "ოცნების" დეპუტატების პასუხი ადეკვატურია. მისი თქმით, ქალი დეპუტატები "სპეტაკები და კდემამოსილები" მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა მათ შეურაცხყოფას აყენებენ.
ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი ქალბატონი რომ აგინებს თვითონ, მაშინ ქალი რომ არის, ავიწყდება ყველას, ანუ როცა აგინებენ თავად, მაშინ ქალები არ არიან და მერე პასუხი თუ ვინმემ დაუბრუნა, მაშინ სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან და ასე არ გამოვა. უნდა მიხვდნენ, რას აკეთებენ.თვალში პასტას რომ გაარტყამ დეპუტატს, გინდა ის მერე კაცი იყოს და გინდა ქალი იყოს და რომ წამოდგება და რაღაცას მოგიღერებს, რომ მოგიშოროს, ალბათ, შეიძლება ადეკვატურ პასუხადაც კი მივიჩნიოთ [...] თვალში პასტას რომ გაარტყამ და საშინელებას ეძახი, რომელსაც მე ვერ ვიმეორებ კამერების წინ, მერე როდესაც მოგიტრიალდებიან და პასუხს გაგცემენ, მერე ხდები ქალი და მანამდე არა ხარ ქალი?
თუ ჩვენ გენდერზე ვლაპარაკობთ, თუ ჩვენ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, თვითონ რატომ გამოდიან ასეთი სექსისტური განცხადებებით, რომ ქალი როცა უნდა, არის, როცა უნდა, არ არის.
ნაცმოძრაობის ქალებმა სქემა დაალაგეს. არიან ერთ მხარეს ჩმორი კაცები და უზრდელი ქალები, და დაალაგეს ასეთი სქემა, რომ ქალები აყენებენ ქართული ოცნების მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცები იქით ხმას არ იღებენ, მათი უმრავლესობა. შეიძლება ყველაზე არ ვსაუბრობდე, და ეს უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს, - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან მგალობლიშვილმა წინ პარლამენტის სხდომაზე ჯერ თინა ბოკუჩავას აგინა, შემდეგ კი ანი წითლიძის ტრიბუნიდან მოგლეჯილი მიკროფონით ცემას უპირებდა. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მგალობლიშვილმა შეურაცხყოფა "პირველების" ჟურნალისტს მიაყენა. ცოტა ხნის წინ მგალობლიშვილის თანაგუნდელი ბერაია კი სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდიას ლანძღავდა.