სრულად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს შეწყალებული - ბრეგაძე სააკაშვილზე
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, ამას არც ინანიებს და კიდევე ერთხელ საუბრობს და ცდილობს, მედიაზე თავდასხმა გაამართლოს," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.
ბრეგაძე სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მიმართვასაც გამოეხმაურა შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, თუ ადამიანი არ აღიარებს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, მისთვის წარმოუდგენელია, რა ფორმით უნდა შეიწყალონ ის.
რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, პირდაპირ რომ გითხრათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. როდესაც ადამიანი შეწყალებას ითხოვს გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არა თუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, რომ 7 ნოემბერი და ასევე თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა გაამართლოს, სადაც მათი ტექნიკა დალეწეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, ადამიანი როდესაც დანაშაულს არ აღიარებს, ჩემთვის სრულად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული, თუ მას „არ ჩაუდენია დანაშაული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, ვგულისხმობ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილება, ვგულისხმობ დადებით გადაწყვეტილებას, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.