სამშენებლო ამნისტია არჩევნების წინ - ოპოზიცია ღარიბაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

20.11.23 18:38
სამშენებლო ამნისტია არჩევნების წინ - ოპოზიცია ღარიბაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო კამპანია - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ამნისტიას, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონების ვალდებულება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მოეხსნებათ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2024 წლის არჩევნებისთვის ქართველი ხალხის ხმის მოსყიდვას ცდილობს. ამავდროულად, მათი თქმით, მაღალი თანამდებობების პირებს სამშენებლო ამნისტიის დამტკიცება საკუთარი სახლების უკანონოდ აშენებისთვის სურთ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი "პირველებთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საცხოვრებელი გარემოს დამახინჯების ხარჯზე ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, იმ სამშენებლო განუკითხაობას, რომელიც თბილისში ხდება და წახალისებულია ამნისტიებით. ჩვენ ვხედავთ, თანამდებობის პირების მიერ უკანონოდ აშენებულ სახლებს, მიშენებებს, რომლის უკანაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები დგანან და ახლა, საარჩევნო ვაჭრობისთვის დააანონსეს ერთგვარი ამნისტია იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის და საცხოვრებელი გარემოს დამახინჯების ხარჯზე მოახერხონ და შეინარჩუნონ ხელისუფლება - განაცხადა დათუნაშვილმა.

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ მორიგ პროვოკაციას არ წამოეგოს და მათი ძალაუფლების განმტკიცებას ხელი არ შეუწყოს.

ახლა ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ხრიკებს გამოიყენებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს შეარჩევს, იქნება ეს სოციალურად დაუცველები თუ ადამიანები, რომელთაც ამგვარი ამნისტია სჭირდებათ საცხოვრებლის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე მორიგ ჯერზე არ წამოეგოს ამ სიყალბეს, რადგან ივანიშვილს ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

მთავრობის განცხადებით,  დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.

მსგავსი სიახლეები