მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ - მამუკა ხაზარაძე

20.11.23 22:31
მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ - მამუკა ხაზარაძე

შეიქმნება თუ არა მძლავრი ცენტრი, რომელიც "ქართული ოცნების" რეჟიმს დაასრულებს - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ტვ პირველის" ეთერში კონსოლიდაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი დიდი გაერთიანების მომხრეა, რადგან სხვა გზით რუსული ძალის დამარცხება შეუძლებელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და-ძმასავით არიან ერთმანეთზე გადაბმულნი, სწორედ ამიტომ, მმართველი პარტიის დამარცხების შემთხვევაში ენმ-მი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს.

ყველაზე კარგი ინდიკატორი არის ჩვენი საზოგადოება. ერთი მხრივ, ჩვენ ამ პარტიას ვაძლიერებთ, მაგრამ რუსული ძალის დამარცხება მარტო არის შეუძლებელი. აქ თუ სერიოზული კონსოლიდაცია არ მოხდა მხატვრების, ექიმების, მწერლების, რეჟისორების, რომელთაც თავისუფალ, ევროპულ საქართველოში უნდათ ცხოვრება, ამათი ძალის გარეშე რუსული რეჟიმის დამარცხება, ოღონდ აქ "ქართულ ოცნებას" არ ვგულისხმობ, შეუძლებელია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მე ვარ დიდი გაერთიანების მომხრე. ჩვენ ამ პარტიაში გვაქვს სერიოზული პლატფორმა, ინფრასტრუქტურა. ეს პარტია არ შეგვიქმნია ერთი არჩევნებისთვის, ეს არის გრძელვადიანი პარტია. არის სახალხო პარტია, იქნება უკეთესი ლიდერი? იმას დავუჭერთ მხარს. თუმცა, ამავე დროს, სანამ ეს ორი ძალა შეხმატკბილებული იქნება კრიტიკულ მომენტებში, ჩვენ ამ ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოვიყვანთ, ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ "ქართული ოცნება" უნდა დავამარცხოთ, ეს არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მოვიდეს. აქ უნდა შეიქმნას მძლავრი ცენტრი, რომელიც თავის პირობებს დააყენებს მომავალ კოალიციაში. ამის მშენებლობაში ვართ ჩართულნი და ვესაუბრებით ყველა იმ პროდასავლურ ძალას, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის გამარჯვება - აღნიშნა ხაზარაძემ. 

ხაზარაძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია იძულებული იქნება, გამონახოს შეხების წერტილები და ჩამოაყალიბოს კოალიცია.

ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ საქართველო დაადგეს ევროპული ტიპის კოალიციურ მმართველობას. ჩვენ არჩევნებამდე ვართ ოპონენტები, ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, მაგრამ არჩევნების შემდეგ იძულებული იქნება ოპოზიცია, რომ გამონახოს გადაკვეთის და შეხების წერტილები იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს კოალიცია და ქვეყანას დაუდოს განვითარების გეგმა. ჩვენ თავს ამ კოალიციაში ვხედავთ წამყვან ძალად, რადგან ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სისტემა, რომელიც ნულიდან შეიქმნა. არასდროს არ ვყოფილვართ ხელისუფლებაში და ვართ სუფთა ძალა პოლიტიკაში. გვაქვს ე.წ. მარშლის გეგმა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანას ცუდი მდგომარეობიდან გამოიყვანს", - განაცხადა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები