ივანიშვილის საღი აზრი აღარ დარჩა, ფსონი რუსეთზე დადო - გოგიჩაიშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი "ტვ პირველის" ეთერში პარტიის მიერ აღებულ რუსულ გეზთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარანაირი საღი აზრი აღარ დარჩა, რადგან მან უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო.
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია თავდაპირველად პროევროპული იყო, თუმცა ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილი დაბრუნდა.
თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური წარმატება და ქვეყნის აყვავება, ეს არის რუსეთი და ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. მათ ყველაზე ბრიყვული და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც უკრაინის ომის შემდგომ ფსონი დადეს რუსეთის გამარჯვებაზე. ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე იღებს გადაწყვეტილებას. საპარლამენტო გუნდზე არ ვლაპარაკობ. გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აღარ დარჩა არანაირი საღი აზრი. თავდაპირველად კითხვის ნიშანი არ არსებობდა მათ პროევროპულობაზე, ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღარიბაშვილი დააბრუნა და უკრაინის შემდგომ საერთოდ ჭკუიდან გადავიდა "ქართული ოცნება" - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.