"ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ ახალ რეპრესიებს იწყებს? - რა წერია დეოლიგარქიზაციის დოკუმენტში
"ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ ახალ რეპრესიებს იწყებს - ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ გადაწყვიტა, პოლიტიკურ პარტიებს იურიდიული პირების მიერ შემოწირულებების მიღება აუკრძალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ფულს პარტიებში ვეღარ ჩადებს. გეგმის მიხედვით, საარჩევნო წელს პარტიებს ზღვარი დაუწესდებათ, რამდენი ფული უნდა დახარჯონ.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რა გეგმა აქვს მთავრობას დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად. ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა ანტიკორუფციული ბიუროა, რომელთან დაკავშირებითაც ისევ არაფერი იცვლება. დგინდება, რომ ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია ისევ არ ექნება.
ცნობილია ასევე, რომ მთავრობამ, ქვეყნის მთავარ გამოწვევასთან ბრძოლა, ტრენინგებით და "ვორქშოფებით" გადაწყვიტა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციები სრულად გაითვალისწინეს:
ძალიან დეტალურია ეს სამოქმედო გეგმა. გაწერილია, მათ შორის, ევროკავშირის რეგულაციები, რომელთანაც მოხდება დაახლოება და დეტალურად არის გაწერილი ცვლილებების არსი, რომელიც იქნება საკანონმდებლო დონეზე მიღებული თუ პრაქტიკულად განხორციელებული, - ამბობს პაპუაშვილი.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს აღიაროს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია და ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის.
თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ რაღაც პროცესს შექმნის, რომლითაც ვინმეს დააჯერებს, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესი რამე სხვა არის და არა იმ ერთი კონკრეტული სახელდებული ოლიგარქის არაკონსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობის დასრულება, ამით, რა თქმა უნდა, ის ვერავის მოატყუებს, საკუთარ თავსაც კი. მათ, სინამდვილეში, ძალიან კარგად ესმით შინაარსი ამ რეკომენდაციის და ადრე თუ გვიან ეს პროცესი განხორციელდება. „ქართულ ოცნებას“ თუ არ აქვს სურვილი და არ აქვს უნარი, რომ სახელმწიფო დაბრუნდეს კანონიერი მმართველობის ჩარჩოში და დასრულდეს ჩრდილოვანი მმართველობა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების გზით მოხდება დეოლიგარქიზაცია, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება დაფინანსებას, "ხალხის ძალას" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების ნაწილი მათთვის პრობლემა არასდროს ყოფილა.
ჩვენთვის პრობლემა არასდროს ყოფილა დაფინანსების სისტემა. ის, რომ ევროკავშირიდან გარკვეული რეკომენდაციებია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც თქვენ თქვით, ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა. ამაზე კონსულტაციები გვექნება, დაფინანსება იურიდიული პირებისგან როგორი უნდა იყოს, ფიზიკური პირებისგან როგორი უნდა იყოს, რამდენი უნდა იყოს და ა.შ. რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, ამაზე ჩვენ გვექნება შეჯერება ჩვენს პარტნიორებთან, - ამბობს მაჭარაშვილი.
დოკუმენტი, რომელსაც "ოცნება" არ გასაჯაროებდა 52 გვერდიანია და ცვლილებებს 7 მიმართულებით ითვალისწინებს.