საქართველოს დაცვის აქტი და აშშ-თან ურთიერთობა - "ლელო" ელჩ დანიგანს ხვდება

21.11.23 14:08
საქართველოს დაცვის აქტი და აშშ-თან ურთიერთობა - "ლელო" ელჩ დანიგანს ხვდება

"ლელოს" ლიდერები ამერიკის ახალ ელჩთან შეხვედრას მართავენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკელ დიპლომატთან ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობენ. პარტიის ლიდერებმა რობინ დანიგანს მიუტანეს მათ მიერ შემუშავებული საქართველოს დაცვის აქტიც. ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ დოკუმენტზე გადის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. საუბარი შეეხება რუსულ აგრესიას და ოკუპაციასაც.

ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველო აშშ-ს ურთიერთობაზე, ასევე „ლელოს“ გეგმებზე. ასე რომ, ბევრი გვაქვს სასაუბრო და ალბათ ელჩს ექნება კითხვები და ამ კითხვებზეც გავცემთ პასუხს. მაგრამ, ამ შეხვედრის შინაარსი იქნება ძირითადად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს განხილვა, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა. აუცილებლად გავაცნობთ ელჩს საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, რომელიც დღეს გაჟღერდება პარლამენტში და გავაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ პარტიებს, ხელისუფლებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიდგას იმისთვის, რომ შევაჩეროთ ოკუპაცია იმისთვის, რომ აღარ გაგრძელდეს ოკუპანტების ასეთი პარპაშ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვა შევძლოთ მაქსიმალურად, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ“პირველებთან დანიგანთან შეხვედრამდე. 

"ლელოს" დაცვის აქტში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოს საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაა. საკითხი პოზიციურმა პარტიამ დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არა თუ ამცირებს, არამედ წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.

როგორი იქნება "ლელოს" ინიციატივასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია? - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" ფინანსთა მინისტრს დაუსვა. ლაშა ხუციშვილი ამტკიცებს, რომ ყველა საერთაშორისოს სანქციებს საქართველო შეერთებულია, შესაბამისად, მისი თქმით, ოკუპანტის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება არ იგეგმება.

საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რომელიც დაწესებულია აშშ-ს მიერ, ევროკავშირის მიერ, დიდი ბრიტანეთის მიერ. საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი გამორჩეულად წარმატებულია სანქციების აღსრულების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში, სანქციებთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არის და ვერც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ის სამუშაო, რასაც საქართველო ამ მიმართულებით გასწევს, არის ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძი მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის, - განაცხადა ხუციშვილმა. 

უფრო მეტი ინფორმაცია "ლელოს" ლიდერებსა და ელჩი დანიგანის შეხვედრაზე ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები