"ლელოს" აუდიენცია აშშ-ს ელჩთან - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

21.11.23 15:25
"ლელოს" აუდიენცია აშშ-ს ელჩთან - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ "ლელოს" ლიდერები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომლებზეც ყურადღება დანიგანთან შეხვედრისას გაამახვილეს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, დიდწილად საუბარი მომავალ არჩევნებს და მის წინაპირობას შეეხო. მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა არჩევნებზე აშშ-ს სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს დაცვის აქტსაც, რომელიც სწორედ "ლელო - საქართველოსთვის"-მა შეიმუშავა. 

ბევრი ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია აშშ წარმოდგენილი იყოს გრძელვადიან დამკვირვებლად მაქსიმალური ოდენობით იმისთვის, რომ არ დავუშვათ 2020 წლის ფრაქციის განმეორება და არ დავუშვათ ის, რომ ქართველი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს. აშშ, რა თქმა უნდა, იქნება წარმოდგენილი დიდი რაოდენობით, რაც მთავარია გრძელვადიანი დამკვირვებლებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ხმა იქნება მაქსიმალურად დაცული, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

"ლელოს" ანტირუსული ნაბიჯები "ოცნებისთვის" გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" თავმჯდომარე რუსული სტილის პოლიტიკოსად გამოაცხადა.

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსების საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები. ჩვენ ვნახეთ ახლახან ბატონი მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, რომ სანქციები დაეწესებინათ მათ. მემგონი, ერევა თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რომ დაებეზღებინა თავისი მოქალაქეები და მერე გამოვიდა და საჯაროდ კიდევ თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, ყველაფერი მოვუყვები ქართველებზეო და დაასანქცირებს ამერიკა ქართველებსო. აი, ასეთ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთში ერევათ, - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს "ლელოში" უპასუხეს.  გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ხელისუფლებას მოსალოდნელი სანქციების ეშინია. 

რაც შეეხება პაპუაშვილს უსაგნო საუბრებს რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით, მე შევდივარ მის სიტუაციაში, მესმის, რომ სიტუაცია მძიმეა და მესმის, რომ რუსეთის და მოსკოვის გარდა ისინი ვერაფერზე  ფიქრობენ. ისინი არიან პოტენციურად კიდევ დამატებითი სანქციების საგანი, ეს მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, ამიტომაც ისტერიული, პარანოიდალური შიში ახასიათებთ სანქციების მიმართ, - ამბობს გეგელია. 

მსგავსი სიახლეები