პარტია "ლელომ" პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტის დოკუმენტი დაარეგისტრირა
პარტია "ლელომ" პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტის დოკუმენტი დაარეგისტრირა. ხაზარაძე-ჯაფარიძის საპარლამენტო გუნდი 9-პუნქტიანი დოკუმენტით ოფიციალურად მოითხოვს ქვეყანაში შემოსულ რუსებს შეზღუდვები დაუწესდეთ.
აამოქმედეთ სავიზოო რეჟიმი, აკრძალეთ უძრავი ქონების გაყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე, უარი თქვით პირდაპირ ფრენებზე ოკუპანტ ქვეყანასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სრულად შეუერთდით საერთაშორისო სანქციებს - ასეთია პარტია "ლელოს" მოწოდება "ოცნების" ხელისუფლებისთვის.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ორგანომ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და იმ კანონების მიღება, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს რუსების უკონტროლო შემოსევისგან ჩვენს ქვეყანაში და რეზოლუცია შესაბამისად აჟღერებს იმ 9 ინიციატივას, რომელიც უნდა დაკანონდეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების, მუშაობის და ჩვენი ეკონომიკის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. ყველა ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება რუსეთის გავლენის შეჩერებას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვა, ცხადია, ხელისუფლებისთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოქმედებდეს ქვეყნის პარლამენტი, ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ხელისუფლება," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საქართველოს დაცვას სჭირდება ამ ნაბიჯებს გადადგმა,ეს გულისხმობს როგორც სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, ასევე მიწის და სხვა უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყიდულობენ ქართულ მიწას, სამუშაო ადგილებს ართმევენ საქართველოს მოქალაქეებს, ეს მიმდინარე პროცესია და ხელისუფლებამ ეს დაუშვა. თუ სასწრაფოდ არ გატარდება ზომები ამ ყველაფრის შესაკავებლად, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მათთვის პრიორიტეტი არის რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვა და არა საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.