ვიქტორ სანიკიძეს სახელმწიფო ქონება სრულიად უფასოდ, 50 წლით გადაუფორმეს

22.11.23 12:36
ვიქტორ სანიკიძეს სახელმწიფო ქონება სრულიად უფასოდ, 50 წლით გადაუფორმეს

ვიქტორ სანიკიძის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების შემდეგ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება 50 წლით უფასოდ გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.

ირკვევა, რომ "შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია" პარლამენტის წევრმა 2020 წელს დააარსა, თუმცა გადეპუტატების შემდეგ, კანონის შესაბამისად, წილის მმართველად საკუთარი ძმა, ზურაბ სანიკიძე დანიშნა. 

  • სანიკიძის პარლამენტის წევრობიდან 5 თვეში, ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში "შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას" სახელმწიფომ უზუფრუქტით, 50 წლით გადასცა 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა, რაც დეპუტატს ნული ლარი დაუჯდა.

ხელშეკრულების თანახმად შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას რამდენიმე ვალდებულება დაეკისრა. 

  • ქონებაზე ან მის ნაწილზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში უზრუნველყოს სპორტული ცენტრის მოწყობა და ცენტრის ფუნქციონირება;

  • უზრუნველყოს ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ქონების სპორტული პროფილით გამოყენება;

  • უზრუნველყოს სოც.დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არანაკლებ 50 პირის სპორტული ცენტრით უსასყიდლოთ სარგებლობის შესაძლებლობა;

  • უზრუნველყოს საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენისათვის უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა;

  • უზრუნველყოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირისგან/და ქალაქის მერიის მიერ წინასწარ შეტყობინების შემთხვევაში, მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი, 15 ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის მიცემა;

  • არასრულწლოვან სპორტსმენთა მომზადების გადასახადის განსაზღვრის დროს უზრუნველყოს სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის - კალათბურთის ხელმისაწვდომობის გათვალისწინება;

  • უზრუნველყოს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან სპორტული ცენტრის უსასყიდლოდ სარგებლობა.

ცნობისთვის, კომპანიის თავდაპირველი საფირმო სახელწოდება “შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია” იყო, თუმცა სახელი შეიცვალა და არსებული მონაცემებით “შპს სანი სპორტს” ქვია.