სპექტაკლს კრემლი აფინანსებდა, რომლის მიზანიც რუსული ახალი იმპერიის აღდგენა იყო - ნათელაშვილი ვარდების რევოლუციაზე

22.11.23 13:54
სპექტაკლს კრემლი აფინანსებდა, რომლის მიზანიც რუსული ახალი იმპერიის აღდგენა იყო - ნათელაშვილი ვარდების რევოლუციაზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც 2003 წელს მომხდარ ვარდების რევოლუციაზე ისაუბრა.
 

პირველი ლეიბორისტი ამტკიცებს, რომ მიმდინარე პროცესები ქართველი ოლიგარქის დახმარებით, კრემლიდან ფინანსდებოდა, რომლის მიზანიც იყო "რუსული ახალი იმპერიის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეში".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ვარდების რევოლუციამ ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ხვალინდელ გიორგობას. ერთად უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ბოროტებაზე და ეს ასეც მოხდება. ერი, რომელსაც ყალბი ისტორია აქვს, ვერასდროს ააშენებს სახელმწიფოებრიობას. ეს კაცობრიობის გამოცდილებით დადასტურებულია.

ხვალ ზეიმობენ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს. მე მინდა მოგახსენოთ იგივე, რასაც ვამბობდი 20 წლის წინ. აღნიშნული სპექტაკლი იურიდიულად წარმოადგენდა შიდა სასახლის მმართველი კლანის მიერ ორგანიზებულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ გადატრიალებას. პოლიტიკურად კი მითითებული მოვლენა გახდა გარანტია ჩვენს ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული ტოტალიტარიზმის დამყარებისა, რომელიც გრძელდება ამ წუთამდე.

გეოპოლიტიკურად ე.წ. ვარდების რევოლუცია ივანიშვილის მეშვეობით ფინანსურად მხარდაჭერილი იყო კრემლიდან და მოსკოვიდან გააჩნდა სრული, პირდაპირი მხარდაჭერა. ამ დღით მოსკოვმა დაიწყო რუსული ახალი იმპერიის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რადგან შევარდნაძის სახით დაამხო ფიგურა, რომლის სახელთანაც ასოცირებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, პროამერიკანიზმი, ატლანტიზმი, ევროპეიზმი და ამან შიშის ზარი დასცა პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც გახდნენ მორჩილნი და დამყოლნი იმ პროცესებისადმი, რამაც დღეს მიგვიყვანა აფხაზეთის, ცხინვალის ტრაგედიასთან - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები