"ტყუილია, რომ ხელით შევეხე მოქალაქეს" - ყაზბეგის მერი
ყაზბეგის მერი ამტკიცებს, რომ არავინ უცემია - ბაკურ ავსაჯანიშვილი ირწმუნება, რომ ტყუილია მედიით გავრცელებული ინფორმაციაც, რომ ის კერძო კომპანიებს ლობირებს და თანამშრომლებს აიძულებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი.
"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი - სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები.
ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად.
აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერს ავსაჯანიშვილი.