ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებული სამშენებლო ამნისტია დედაქალაქს არ შეეხება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამნისტია დედაქალაქს არ შეეხება.
მისი თქმით, თბილისში მსგავსი მასშტაბური პროცესი უკვე განხორციელდა.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა.
საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
მთავრობის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.