"ოცნების" და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია დებიძინიზაციის პროცესის განხორციელება - ბოკუჩავა
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით ოლიგარქების პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან "ოცნების" და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია დებიძინიზაციის პროცესის განხორციელება.
ბოკუჩავას თქმით, იმისთვის, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია მოხდეს, კონკრეტული პროექტები წარდგენას აპირებენ პარლამენტში.
საქართველოს ევროპელმა მეგობრებმა, მათ შორის, ევროპარლამენტში არაერთხელ განმარტეს, რომ საქართველოს კონტექსტში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას. "ოცნების" პირობებში და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია დებიძინიზაციის პროცესის განხორციელება, როგორც ეს არ უნდა შეფუთოს "ოცნებამ". ჩვენ ვაპირებთ, რომ კონკრეტული პროექტები წარვადგინოთ პარლამენტში, რადგან მოხდეს ძალაუფლების დეკონცენტრაცია. ახლა ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში. თუმცა, იმის მოლოდინი, რომ ამ კანონპროექტებს მიიღებს ახლანდელი პარლამენტი არ გვაქვს, თუმცა შემდეგი კოალიციური, დასავლური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან იქნება შემდგარი, აუცილებლად განახორციელებს ამ ცვლილებას", - ამბობს ბოკუჩავა.
ხელისუფლებამ დღეს დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. დასავლელი პარტნიორების მიერ კანონპროექტების რამდენჯერმე დაწუნების შემდეგ მმართველი პარტია ივანიშვილის გავლენის შესუსტებას არ აპირებს და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლას პარტიებისთვის ფულადი დაფინანსების ზღვრის დაწესებით და მედია მფლობელობის საკითხების გამჭვირვალობით აპირებს.
რას ითვალისწინებს "ოცნების" „დეოლიგარქიზაციის გეგმა“ - დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით.