მარტის აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილმა დღეს სასახლის კარი სტუდენტებისთვის გახსნა
მარტის აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში. ის, ვინც "ქართული ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში იდგა, პრეზიდენტს ხვდება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს სასახლის კარი სტუდენტებისთვის გახსნა.
მეც ამ აქციების მონაწილე ვიყავი, ისევ და ისევ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის და იმისთვის, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას. მინდა, რომ პრეზიდენტის ეს მოწვევა იყოს გულწრფელი და ნამდვილად ევროპულ ღირებულებებს ემსახურებოდეს. მივესალმები საქართველოს ევროპულ გეზს. მინდა, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის კულტურის ნაწილი რომ გავხდეთ. მგონია, რომ საქართველო ბოლომდე იქნება ევროპის ნაწილი ", -ამბობს სტუდენტი.
პრეზიდენტის სასახლეში "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია იმყოფებოდა. ისინი ევროპულ კამპანიას სხვა სტუდენტებთან ერთად შეუერთდნენ.
ყოველთვის მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ დღეს ჩვენ "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიმყოფებით აქ, რათა შევუერთდეთ ევროპულ კამპანიას. ჩვენ გვექნება კითხვა პრეზიდენტთან, თუ როგორ უყურებს ის ახალგაზრდების მონაწილეობას ჩვენი ევროპული მომავლის მალე განხორციელებაში. ის ნაბიჯები, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს, თუ მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ" - ამბობს სტუდენტი.
პრეზიდენტის და სტუდენტების შეხვედრის წინ, სალომე ზურაბიშვილმა შსს-დან, წერილი მიიღო, არ შეიწყალოთ ლაზარე გრიგორიადისი, გზავნილი თავად გომელაურის უწყებამ გაასაჯაროვა და მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრის მოადგილის კომენტარიც გაავრცელა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ წერილის ავტორი ორი პოლიციელია.
სალომე ზურაბიშვილს ჯერ არც ამ მოწოდებისთვის უპასუხია.