ენმ ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად - სააკაშვილის მანიფესტი
მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი გასაჯაროებულია - მანიფესტის დიდი ნაწილი შიდა პარტიულ ამბებს ეხება. სააკაშვილი ითხოვს, რომ ხელმომწერებმა დაადასტურონ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და გენერალური მდივნის ლეგიტიმურობა ხელმოწერით. იქვე წერია, რომ შიდა კრიტიკა ჯანსაღი პროცესია, თუმცა ამან პარტია არ უნდა დააზიანოს.
სააკაშვილი 11 პუნქტიან მანიფესტში წერს პარტიის ძველ წევრებზე, რომ მათ უნდა მიიღონ მეტი საპასუხისმგებლო როლი, როგორც პოლიტიკური საბჭოში, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში.
მანიფესტში ხაზგასმით წერია, რომ ენმ ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად და ერთიანდება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასამარცხებლად.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად - გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, კრავს და აძლიერებს პარტიას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება.
ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.
ჩვენ ასევე სრულიად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე, ჯანსაღ, ცოცხალ პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები, პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით, გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში".- წერია მანიფესტში.
„რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - მიხელ სააკაშვილისა და ენმ-ს 23 ნოემბრის მანიფესტი სრულად იხილეთ აქ.