ხელისუფლება შეშინებულია - ოპოზიცია შსს-ს განცხადებაზე

23.11.23 11:47
ხელისუფლება შეშინებულია - ოპოზიცია შსს-ს განცხადებაზე

ხელისუფლება შეშინებულია - სწორედ ეს ამოიკითხა ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, რომ ლაზარე არასდროს შეიწყალოს, ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ "ოცნება" მთავარსარდლისგან ახალ სიურპრიზებს ელოდება.

ბიჭი, რომელიც რუსულ კანონს რვა მარტის აქციების დროს ქუჩიდან აპროტესტებდა, ამ დრომდე განსასჯელის სკამზე ზის. მოსამართლეს საბოლოო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს, ამიტომ ეს გარემოება პოლიტიკოსებს უჩენთ განცდას, რომ "ოცნება" ზეწოლას თან პრეზიდენტზე ახდენს, თან მართლმსაჯულებაში უხეშად ერევა.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ძალიან უხეში ჩარევა მთელ მართლმსაჯულების სისტემაში: 

ეს არის ძალიან უხეში ჩარევა მთელ მართლმსაჯულების სისტემაში, რადგან ლაზარეს სასამართლო ბოლომდე ჯერ არ არის მისული, რაც ღიად აჩვენებს, რომ რეალურად ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორების და შურისძიების სამიზნე, ზოგადად, პროტესტის ჩასახშობად და ახალგაზრდების დასაშინებლად. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტმა დაინახა კიდევ ერთხელ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამ საქმეზე", - სამადაშვილი.

ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ დაწერილი დოკუმენტი ფარსია, რადგან მოცემული განცხადება ხელისუფლების მიერ რუსული პოლიტიკის გატარებას ემსახურება.

ძალიან სამარცხვინო დოკუმენტია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის პოლიციელი, რომელიც ჩამოთვლილია ამ დოკუმენტში, არცერთი არ იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩადებულია ამ წერილში. ეს არის დაწერილი შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ერთი რამისკენ არის მიმართული, ხელისუფლების მიერ დაწყებული რუსული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია" - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები