23 ნოემბრის მანიფესტი - რას იზამს ნიკა მელია და რას ამბობენ ენმ-ს მენეჯმენტში?
23 ნოემბრის მანიფესტი - ამ დრომდე უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს ნიკა მელია, მესამე პრეზიდენტის ინიციირებულ დოკუმენტს.
"პირველების" ინფორმაციით, ყოფილი თავმჯდომარის გუნდის წევრები დღეს, ვარდების რევოლუციის 20 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებიან, თუმცა იქვე ღიად რჩება კითხვა, მივა თუ არა თავად მელია შეკრებაზე.
რაც შეეხება ერთობის მანიფესტს, ნიკა მელიას თანაგუნდელები "პირველებთან ამბობენ, რომ ისინი 11 პუნქტს ისინი ეთანხმებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ მანიფესტის ბოლო ნაწილში "კვიპროსის კლანის" ინტერესები იკვეთება.
ამასთან, ისინი იქვე განმარტავენ, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებიათ, თუმცა მათთვის პრობლემურ საკითხად პოლიტსაბჭო რჩება.
დავუშვათ, ჩვენ გარდა ბევრმა არ მოაწერა ხელი, რას აპირებენ, ყველას გარიცხავენ? პასაჟები ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, პუნქტები კარგად ჟღერს, მაგრამ კვიპროსული ჰაერი მაინც უბერავს პასაჟებში. პირდაპირ მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - კვიპროსული ფული და ჩართული დანამატები ამ საქმეს ვერ უშველის. პოლიტიკა სუფთა უნდა იყოს და გათავისუფლებული უნდა იყოს ასეთი ინსუმილაციებისგან.
მე მგონია, რომ საერთო ტექსტი, პუნქტები სააკაშვილთაბნ არის შეთანხმებული, მაგრამ ის აბზაცები, რომლებიც ჩართულია გავლილი აქვს კვიპროსში ნოტარიუსის ხელი, კეზერაშვილს ვგულისხმობ", - ამბობს ბაჩო დოლიძე.
"კვიპროსის კლანს" ახსენებს ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, მას დარჩა განცდა, რომ ორი სხვადასხვა ადამიანის მიერ არის დაწერილი დოკუმენტი.
პოლიტიკოსის თქმით, გუშინ გამოქვეყნებული მანიფესტი არ პასუხობს მთავარ პოლიტიკურ კოლიზიას, რომელიც შეიქმნა ენმ-ში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ.
"ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტში კი იმედს გამოთქვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტის სულისკვეთებას ყველა შეუერთდება.
დავით კირკიტაძის თქმით, საქმე ეხება უფრო მეტს, ვიდრე ეს არის პირადი ამბიციები
მინდა ვისურვო, რომ აღნიშნული მანიფესტის სულისკვეთებას შევუერთდეთ ყველა და იქ დასახული ამოცანებისა და მიზნების განხორციელებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან საქმე ეხება უფრო მეტს, ვიდრე ეს არის პირადი ამბიციები, ვიწრო პოლიტიკური და პარტიული მოსაზრებები. საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ დოკუმენტს" - აღნიშნავს დავით კირკიტაძე.
გიორგი ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტი ემსახურება ერთობას და ნებისმიერი ადამიანის წყენის გვერდზე გადადებას:
ეს არის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ერთობას და ნებისმიერი ადამიანის წყენის გვერდზე გადადებას. თუ რომელიმე ადამიანი გადაწყვეტს, რომ არ უერთდება იმ სულისკვეთებას, რომელი სულისკვეთებაც ქვეყნის გადარჩენას და ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს ემსახურება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თვითონ უკვე ჩააყენებს ნებისმიერ ადამიანს პარტიის გარეთ - დასძინა გიორგი ბოტკოველმა.
ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე, მიხეილ სააკაშვილმა მისი პარტიის ერთიანობის მანიფესტი გამოაქვეყნა. "ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ" - მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ 2004 წლის არჩევნებით ქართული ოცნება ხელისუფლებიდან არ წავიდა, "ქვეყანას დავკარგავთ".