რუსული პროვოკაცია, მკვლელები უნდა დაისაჯონ - პირველი გზავნილები გინტურის რეზოლუციის ავტორებისგან
ევროპარლამენტში თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან - ევროპელი ლიდერები შეკრებას სტრასბურგში ცოტა ხანში დაიწყებენ.
დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები ფიქრობენ, შემთხვევითობა არ არის, რომ რუსმა ჯარისკაცებმა, საქართველოს მოქალაქე ზურგში ნასროლი ტყვიით იმ დროს მოკლეს, როცა ქვეყანა ევროკომისიისგან უმნიშვნელოვანესს დასკვნას ელოდებოდა.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობას რუსულ პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ "ეს არის ქართველი ხალხის დაშინების მცდელობა ევროინტეგრაციის პროცესში".
ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს, ისევ ვხედავთ, რასაც აკეთებს, რას უკეთებს საქართველოს მოქალაქეებს. თამაზ გინტურის მკვლელობა აბსოლუტურად მიუღებელია. იმ დროს, როდესაც საქართველო უახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რუსეთი კლავს საქართველოს მოქალაქეს. ვფიქრობ, ეს არ არის დამთხვევა. ეს მკვლელობა უკავშირდება ამ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეაშინონ და აჩვენონ, რას უქადის მათ ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ამან ხალხი არ უნდა შეაშინოს. ჩვენ გვინდა, რომ ევროპულმა საბჭომ შექმნას საკუთარი სანქციების სია, გააფართოოს და დაასანქციროს რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. ასევე იმედი გვაქვს, რომ საბჭო სანქციების მომდევნო პაკეტში საქართველოს საქმესაც ჩაამატებს, ან შექმნიან ახალ სიას. იმედი გვაქვს, მთავრობა დაინახავს, რომ ჩვენი მათი დახმარება გვინდა" - აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ევროპარლამენტი რუსი ოკუპანტების მიერ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას აუცილებლად დაამტკიცებს.
ვცდილობთ, რომ საქართველოს საკითხი რაც შეიძლება წინ წამოვწიოთ ევროკავშირის საქმეების განხილვის დროს. საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს. ჩვენ ვცდილობთ, აღვწეროთ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა მცდელობა. როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ ვიცით ტატუნაშვილის და ოთხოზორიას სახელები, ისინი სიაში არიან და რეზოლუციას აუცილებლად დავამტკიცებთ. ვიცით, ქართველებს სურთ, იხილონ ფართო სია, რომელიც ყველაფერს აღწერს - განაცხადა ფოტიგამ.