"შუა უნდა შეიკრიბოს!" - ვინ იგულისხმა მამუკა ხაზარაძემ?
შუა უნდა შეიკრიბოს! - მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია. რა ან ვინ იგულისხმა ხაზარაძემ? პარტია "ლელოში" ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ერთობაზე გადის, თუმცა ერთობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის თანამოაზრეები ეპატიჟებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, ყველას გარდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობისა".
ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მესამე ძალად ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, ენმ-სგან და "ოცნებისგან" დისტანცირებული, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ხელისუფლების დასამარცხებლად.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ მიმდინარეობს.
"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადება "შუა უნდა შეიკრიბოს" ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიის საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის და მრავალფეროვნების დაბრუნებას. ეს არ მოიცავს საკუთარ თავში ალტერნატიული პარტიების ტოტალურ გაერთიანებას ან ერთობას, არამედ გულისხმობს მათ დაბრუნებას. სლოგანი "შუა უნდა შეიკრიბოს" პირველ რიგში მიემართება ქართულ საზოგადოებას, რომელმაც უნდა დაინახოს, ერთი -პოლარიზება, მისი პრობლემურობა და უნდა დაინახოს ალტერნატივები და ამ ალტერნატივებზე გააკეთოს თავად არჩევანი. ამ ეტაპისთვის რაიმე პოლიტიკურ-პარტიული კომუნიკაცია პარტიებთან არ მიმდინარეობს, არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამ პროცესს არ ვჩქარობთ, ვძლიერდებით სტრუქტურულად. შიდა პარტიული შემოერთების და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს "ლელოს". რეგიონული ლიდერები უერთდებიან ჩვენს ოფისებს". - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
"ლელო" დიდი ხანია საარჩევნოდ მესამე ცენტრის შექმნას აანონსებს. ამიტომ საინტერესოა, როგორი გადაჯგუფებები იქნება წინასაარჩევნოდ და ვინ არის მზად, რომ ერთობის სანაცვლოდ პირად პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვას და ბრძოლა გამარჯვებისთვის "ლელოს" ცენტრიდან დაიწყოს.
თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამ ერთობაში თავის თავს მოიაზრებს.
არ არის ახალი იდეა, მაგრამ ამას სჭირდება ახალი ენერგია და ბევრი პირადი რამის უკან გადადება, რაც რეალურად არის შესაძლებლობა რომ ეს ამომრჩევლის გემოვნებაზე გათვალისწინებული კოალიცია იყოს. კოალიციაში ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან არჩევნების შემდგომ ხალხის ხმა პარლამენტში. ამ პროცესში საკუთარ თავს ვხედავ, იმიტომ, რომ ჩემთვის 2 წითელი ხაზი არსებობს. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", სხვა დანარჩენი არის მისაღები და მნიშვნელოვანი". - ამბობს თეონა აქუბარდიამ.