ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

23.11.23 15:18
ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ! - ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, რომელიც გმობს რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასტიკ მკვლელობას, ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსი ოკუპანტების მხრიდან ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

  • ევროპარლამენტი სამძიმარს უცხადებს თამაზ გინტურის ოჯახს; კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას;
  • ხაზს უსვამს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც ქართველი დევნილების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, ასევე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
  • ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ასევე, გმობს ამ რეგიონების უკანონო "ბორდერიზაციას"; მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას, უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას;
  • გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ;

დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. 

  • "ევროპის სახალხო პარტია";
  • "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";
  • "რეფორმების ჯგუფი";
  • "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
  • "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".

 

მსგავსი სიახლეები