რატომღაც მიმაჩნია, რომ 21 წლის ლაზარეს ცხოვრებას არ გაუფუჭებენ - ლაზარეს დედა პრეზიდენტს
ლაზარე გრიგორიადისის დედას ეჭვი აქვს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა წინასწარ იციან გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ და სწორედ ამიტომ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს წინასწარ, რომ არ შეიწყალოს ახალგაზრდა აქტივისტი.
თამთა კალანდაძე ამბობს, რომ ბოროტების მანქანა მიზანმიმართულად მუშაობს ლაზარეზე და სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს.
ლაზარეს დედა ასევე აცხადებს, რომ თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ამის შემდეგ მიმართავენ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და იმედოვნებს, რომ 21 წლის ლაზარეს ცხოვრებას არ გაუფუჭებენ.
ჩვენ ვიკავებდით თავს, რომ ქალბატონი სალომესთვის მიგვემართა ან არ მიგვემართა, იმიტომ, რომ ველოდებოდით პროცესის დამთავრებას. ამათმა ანუ უკვე იციან, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და წინასწარ მიმართეს ქალბატონ პრეზიდენტს. ჩართულია ეს ბოროტების მანქანა და ძალიან მიზანმიმართულად მუშაობს ლაზარეზე. არავისი არ მჯერა ამათი, იმიტომ, რომ ესენი არიან კრიმინალები და ესენი ყველანი კორუფციაში არიან ჩაფლულები. ველოდებით სასამართლოს განაჩენს, შემდეგ მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და რატომღაც მიმაჩნია, რომ 21 წლის ლაზარეს ცხოვრებას არ გაუფუჭებენ და ამას გაითვალისწინებენ". - ამბობს ლაზარეს დედა.
პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს. ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა. დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.