"დივიდენდების მოპოვების მცდელობა" - "ოცნების" პირველი კომენტარები გინტურის რეზოლუციის მიღების შემდეგ
ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პირველი კომენტარები კეთდება.
"პარტნიორების ყურადღებას ვაფასებთ, თუმცა, რეზოლუციები არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი, რა შედეგის მომტანია"- ეს კომენტარი ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძეს, რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვაზე "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს: " მეჩვენება, რომ ხშირად, როცა ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა"
სარჯველაძემ იქვე განმარტა, ის ამ კონტექსტში „ზოგად ტენდენციაზე საუბრობს, როცა არსებობს გარკვეული ადამიანების მცდელობა, თემა საკუთარი დივიდენდებისთვის გამოიყენონ, ხოლო რეალური შედეგების მიღწევა მეორეხარისხოვანია“.
ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.