"ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ესე იგი ვირჩევთ საქართველოს" - სააკაშვილის გზავნილი "ვივა მედიდან"
"ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ესე იგი ვირჩევთ საქართველოს" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილი "ვივა მედიდან", რომელიც "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგორ ნარმანიამ წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილი გამოგზავნილ წერილში წერს, რომ როგორც ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ეთქვა - არა, ისე ახლაც, ზუსტად ასევე ეტყვიან არას ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას.
“კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე.
ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით - არა!
დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა.
ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას არას!
დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი, ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა.
ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქიაზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა.
აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ესე იგი ვირჩევთ საქართველოს.” - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.