მელიამ ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და მანიფესტზე ხელის არმოწერით, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - ბოკუჩავა

24.11.23 11:22
მელიამ ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და მანიფესტზე ხელის არმოწერით, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - ბოკუჩავა

ნიკა მელიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო  - ასე ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილი თავმჯდომარის ბოიკოტს გუშინდელ ღონისძიებაზე. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ თუ ვინმე საერთო სულისკვეთებას არ უერთდება, ის ავტომატურად პარტიის მიღმა აღმოჩნდება.

თინა ბოკუჩავას თქმით, ნიკა მელიამ ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და მანიფესტზე ხელის არმოწერით, როგორც ჩანს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პრეზიდენტი სააკაშვილი არის ჩვენთან ერთად ერთობის მანიფესტის ავტორი, თუმცა ის არის ინიციატორი და მისი ეს ინიციატივა ჩვენ გავიზიარეთ. მან ძალიან ცხადად განაცხადა, რომ თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა მოვიპოვოთ. 

პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რაც, როგორც ჩანს მანიფესტზე ხელის არმოწერით ნიკა მელიამ მიიღო, არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება". - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ნიკა მელია ამ დრომდე არ გამოჩენილა. ისევ უცნობია, რა გეგმა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს. მელიას გუნდის არც ერთი წარმომადგენელი გუშინ არ უნახავთ კინოსტუდიის შენობაში. ამიტომ ისევ საინტერესოა, გახდება თუ არა მელია, სააკაშვილის შედგენილი მანიფესტის ხელმომწერი.

მსგავსი სიახლეები