"პრესინგი ახალგაზრდებზე", "ეკითხებით, რომელი ღმერთის სჯერა?", "როგორ დაამტკიცებთ, რომ აფერისტია?" - ოპოზიცია თავდაცვის კოდექსზე
ცვლილებები თავდაცვის კოდექსში - ოპოზიციონერი დეპუტატები ახალ ცვლილებებში ახალგაზრდების უფლებების დარღვევას ხედავენ. კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდიასთვის მიუღებელია კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულდება სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად.
პროცესი მაინტერესებს, თქვენ როგორ უნდა განსაჯოთ ადამიანის რწმენის საკითხი და როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ ის აფერისტია - იმიტომ, რომ კანონში წერია, რომ თავდაცვის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მისი ალტერნატიულ სამსახურში გაშვების ან ჯარში გაშვებასთან დაკავშირებით და შემდგომ თქვენ ამ მოქალაქეს ართმევთ უფლებას სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად, რომ არ წავიდეს სავალდებულო სამსახურში იქამდე, სანამ სასამართლო არ დაადგენს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
დეპუტატების პროტესტს იწვევს ასევე რეესტრის შექმნა, რომელსაც თავდაცვის უწყება გამოიყენებს იმისთვის, რომ გაიგოს, რომელი კონფესიის წარმომადგენლები არიან ახალწვეულები.
წინაპირობა ის, რომ სასამართლოში მიმართვა არ აჩერებს გადაწყვეტილებას. იქ ეკითხებით ადამიანს, რომელი ღმერთის სჯერა, თუ არ დაგიჯერეთ და მაინც გაგიწვიეთ, სასამართლოში მიმართვა ამ გადაწყვეტილებას არ გააჩერებს,“ - ამბობს ვახო მეგრელიშვილი.
"ევროოპტიმისტების" დეპუტატისთვის ხატია დეკანოიძისთვის თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები ახალგაზრდებზე ზეწოლის საშუალებაა, რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს.
პრესინგი ხდება ზუსტად იმიტომ,რომ წინასაარჩევნო წელია და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მარტის აქციების შემდეგ ახალგაზრდები კიდევ უფრო რაღაც ჩარჩოში მოაქციოთ. რეალურად, ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მმართველ პარტიას ხმას, ამ ადამიანებს შეუზღუდოს მონაწილეობა თუნდაც იგივე არჩევნებში ან წინასაარჩევნო კამპანიაში,“ - ამბობს დეკანოიძე.
თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კომიტეტებში მეორე მოსმენით მსჯელობენ. კანონის მიხედვით იგეგმება შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ახალწვეულებმა უნდა ჩაწერონ, რომელ რელიგიურ კონფესიას წარმოადგენენ. თუ ვინმე პირობებს არ დაეთანხმება და სასამართლოს მიმართავს, ეს გამოსავალი მაინც ვერ იქნება, რადგან საქმის განხილვის პარალელურად, ახალგაზრდას მაინც ჯარში წაიყვანენ.