"გამორიცხულია, "ოცნებამ" ქმედითი ნაბიჯები გადადგას" - კუპრაძე რუსების ტყვეობაში მყოფ ქართველებზე

24.11.23 13:35
"გამორიცხულია, "ოცნებამ" ქმედითი ნაბიჯები გადადგას" - კუპრაძე რუსების ტყვეობაში მყოფ ქართველებზე

რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველები - "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გამორიცხულია, "ოცნებამ" ქმედითი ნაბიჯები გადადგას და საერთაშორისო არენაზე წამოწიოს ქართველი ჯარისკაცების ტყვეობაში ყოფნის საკითხი.

კუპრაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა გზას ეძებდეს, დუმილის რეჟიმშია. 

საქართველოს სახელმწიფო ახლა ყველა გზას უნდა იყენებდეს, რომ ეს მოქალაქეები დაიხსნას და დააბრუნოს საკუთარ ქვეყანაში. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვხედავთ დუმილს. "ქართული ოცნება", რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, გამორიცხულია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და საერთაშორისო არენაზე წამოწიონ ეს საკითხი დღის წესრიგში". - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების  კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. 

ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.

მსგავსი სიახლეები