მტერმა იცის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ ფასს არ მოსთხოვს - ბოკერია

24.11.23 13:43
მტერმა იცის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ ფასს არ მოსთხოვს - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ტყვეების გათავისუფლებისთვის ნაბიჯებს არ დგამს და ოკუპანტმა რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ ფასს არ მოსთხოვს.

როცა ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ბებუას საკითხზე, გინტურის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობაზე მინიმალურ ეფექტურ ნაბიჯებსაც კი არ დგამს და ეს არ შეუძლია, ეს არის პრაქტიკულად გარანტია იმისა, რომ მტერმა იცის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, მას საქართველოს ხელისუფლება არ მოსთხოვს პოლიტიკურ ფასს. უფრო მეტი იმედი უნდა გვქონდეს ტყვეთა გაცვლის, რასაც უკრაინელები საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებულებთან დაკავშირებით აკეთებენ ხოლმე". - ამბობს გიგა ბოკერია. 

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების  კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. 

ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.

მსგავსი სიახლეები