გინტურის მკვლელობის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის განხილვაზე აქუბარდიას ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უარი უთხრა
თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, თუმცა კომიტეტმა, პროცედურებისა და წინასწარი კონსულტაციების საჭიროების არგუმენტით, არ გაითვალისწინა.
სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტზე 21 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს 13 ნოემბრის სხდომაზე წარედგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით კი, განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა - რეზოლუციის პროექტი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებასა და აღნიშნულ სიაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას ითვალისწინებს.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, გინტურის მკვლელობის თაობაზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია ისე მიიღო, რომ საქართველოს პარლამენტს არაფერი მოუმოქმედებია.
გუშინ ევროპარლამენტში განიხილეს რეზოლუცია, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ეხება. რეზოლუციით საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო, რადგან საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მაგვარი ევროპული სიის შექმნაზე, რითაც საოკუპაციო რეჟიმის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად დაარღვიეს, სანქცია უნდა დაუწესდეს.
რამდენადაც ბიურომ რეზოლუციის პროექტის განუხილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა, მოგმართავთ თხოვნით, რომ საკითხი განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში მოხვდეს. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, რომ პარლამენტი - თქვენი პოლიტიკური გუნდი - უარს ამბობს რეზოლუციის პროექტის განხილვაზე. პოლარიზაციის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.
გთხოვთ, საკითხი დღის წესრიგში ჩავსვათ. თუ საკითხის განხილვა არ ხდება, გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ არის პრობლემა რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას არ ითხოვს - ითხოვს, ჩვენი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას, მით უფრო, როცა მთავრობის დადგენილებით საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეების სია არსებობს და საუბარია იმაზე, რომ პარლამენტმა მთავრობას აღნიშნული სიის გაფართოებისკენ მოუწოდოს.
როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება თუ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ვნახავთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს საოკუპაციო რეჟიმის შიში - მთავრობის მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფენ“, - მიმართა აქუბარდიამ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს.
სარჯველაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად თქვა, რომ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციამ ისე დააინიცირა, რომ მასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაცია არავისთან ჰქონიათ. სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, რეზოლუცია განხილული იქნება, რასაც თავისი პროცედურა აქვს.