მთავრობის წევრებიდან ვისი შვილი გაიწვიეს ჯარში ახალი კოდექსის ამოქმედების მერე? - რას პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
„ჩემი ძმისშვილები 10 და 12 წლის არიან და ჯერ ვერ წავლენ, შვილი ჩემი ჯერ არასრულწლოვანია,“ - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „გირჩის“ დეპუტატის კითხვას.
იაგო ხვიჩია დაინტერესდა „ხელისუფლების წევრებიდან - 300-მდეა ასეთი, ვინმეს შვილი თუ გაიწვიეს, რაც ახალი კოდექსი ამოქმედდა“, ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილეს პასუხი არ აქვს, თუმცა მაგალითად საკუთარი ოჯახის ახლობლები მოჰყავს.
ჩემი ძმისშვილები 10 და 12 წლის არიან და ჯერ ვერ წავლენ, მაგრამ შვილი ჩემი ჯერ არასრულწლოვანია. ჩემი მამიდაშვილის შვილი ახლახან გაიწვიეს და მსახურობს ჯარში ერთ-ერთ ბაზაზე.
მე არ მაქვს ეს ინფორმაცია - სხვადასხვა საფუძველი არსებობს - ეს იქნება ასაკი, სტუდენტი თუ ასე შემდეგ, რის გამოც შეიძლება არ იყოს ვინმეს შვილი ან ოჯახის წევრი, მაგრამ მე გითხარით ჩემს მაგალითზე, უახლოესი ნათესავი არის გაწვეული და მსახურობს სავალდებულო სამხედრო სამსახურში და სხვათა შორის, ამით ვამაყობ,“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.