მასწავლებლების ხელფასები 2024 წლის სექტემბრის ნაცვლად ივლისიდან მოიმატებს - მინისტრი

24.11.23 14:41
მასწავლებლების ხელფასები 2024 წლის სექტემბრის ნაცვლად ივლისიდან მოიმატებს - მინისტრი

მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გააკეთა. გიორგი ამილახვარმა პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.

16 ნოემბერს პედაგოგებმა განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართეს და მოითხოვეს, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებული დაპირება 2024 წლის იანვრიდან შევიდეს ძალაში.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასი მოიმატებს 2024-25 სასწავლო წელს, ანუ სექტემბრიდან. პედაგოგები მოითხოვენ, რომ ხელფასი 2024 წლის იანვრიდან გაეზარდოთ, ისევე, როგორც ეს ემატება სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს.

ამავე თემაზე პედაგოგებმა  პეტიცია გაავრცელეს, რომლითაც ხელფასის ზრდას იანვირიდან ითხოვენ. ამჟამად პეტიციას 7500-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს.

მსგავსი სიახლეები