"მთელი ოპოზიციური სპექტრი წარმოდგენილი არ არის და ეს არის პრობლემა" - სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე
ხმის მიცემა ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებს "ქართული ოცნება" - ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის საკითხია. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.
დღევანდელი შეხვედრა, როგორც დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ოპოზიცია სრულად არ არის წარმოდგენილი.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ოპოზიციას არ აქვს კითხვებზე პასუხი, მაგალითად, რამდენი მოქალაქე სარგებლობს ისევ ძველი პირადობის მოწმობებით.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ლამინირებული პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობის დაკანონებით სახელისუფლებო გუნდი მანიპულაციებს გეგმავს.
ეს საკითხი, ძველი პირადობის მოწმობების გამოყენება საარჩევნოდ შემოიტანა დღის წესრიგში ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, პროგრესზე, რომ გვექნება ელექტრონული ხმის დათვლის შესაძლებლობა, ID ბარათების გამოყენება, რომ სწრაფად წარიმართოს პროცესი საარჩევნო დღეს, მეორე მხრივ, ქართულმა ოცნებამ წამოწია საკითხი ძველი ლამინირებული პირადობის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, ქმნის განცდას და დამოკიდებულებას და ეს არის პრობლემა, რადგან ჩვენ სწორედ ნდობის პრობლემა გვაქვს არჩევნების პროცესისადმი, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს არჩევნების დღეს მანიპულაციებისთვის.
როგორც კი ეს საკითხი დადგა წინა სასესიო კვირას დღის წესრიგში ჩვენ მოვითხოვეთ ამაზე საუბარი და მსჯელობა, იმიტომ, რომ სტატისტიკა არ გვაქვს რამდენიმეა ასეთი მოქალაქე, რა მოსაზრებებით, რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ახალი ID ბარათი. ამაზე სტატისტიკა არ გვქონდა და რა თქმა უნდა, ამის ქართული ოცნების მხრიდან წამოწევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მანიპულაციას აპირებენ. ამიტომ დღეს სპიკერმა მოგვიწვია, სამწუხაროდ, ისეთ დროს მოგვიწვია, არ იყო პერიოდი წინ გაფრთხილებისთვის, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი წარმოდგენილი არ არის და ეს არის პრობლემა და ეს არის პრობლემა ხელისუფლების, იმიტომ, რომ ისე უნდა დაიგეგმოს ასეთი შეხვედრა, რომ ყველა წარმომადგენელი იყოს მოწვეული,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.