ხმის მიცემა ლამინირებული პირადობის მოწმობებით - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა ხვდება

24.11.23 15:05
ხმის მიცემა ლამინირებული პირადობის მოწმობებით - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა ხვდება

პარლამენტში ოპოზიციის და ქართული ოცნების მოლაპარაკებები დაიწყო. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს დააპაუზებს თუ არა "ქართული ოცნება" კანონპროექტს, რომელიც ძველი პირადობის მოწმობებით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.  

ოპოზიციონერი დეპუტატები შალვა პაპუაშვილს ხვდებიან. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები, პარლამენტის და "ოცნების" თავმჯდომარეებს არწმუნებენ, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც დაუშვებელია.

პარტიებში აქვთ ეჭვი, რომ ფრიდონ ინჯიას დახმარებით "ოცნებამ" არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების მობილიზება დაიწყო.

აუცილებელია, რომ შეიზღუდოს ძველი პირადობების გამოყენება იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ გაყალბების ბერკეტი ხელისუფლებისთვის. პოზიტიური ვალდებულება უნდა აიღოს ხელისუფლებამ, წინსწრებად მოამზადოს დოკუმენტები და მათ მხოლოდ ხელმოწერა და ფოტოს ვალდებულება დარჩეთ, ასე, რომ ძალიან მარტივია, თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ეს ფაქტია, რომ არ აკეთებს არა იმიტომ, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება, არამედ მას სურს, რომ დაიტოვოს ხელში დაახლოებით, წინა არჩევნების მონაცემებით, მისულ ამომრჩეველთა პროცენტული რაოდენობიდან გამომდინარე 12-პროცენტიანი გაყალბების მარშა,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

როგორც "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, ახალი პირადობის მოწმობები მოქალაქეებს უფასოდ უნდა დაურიგდეთ და პრობლემა გარკვეულწილად გადაიჭრებოდა.  

შეუძლებელია, რომ საქართველოში 300 ათასი ჩვენი მოქალაქე იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები, შეიძლება არის 10-20 ათასი მოქალაქე, მაგრამ იმის თქმა, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების გამო არჩევნებს ჩავატარებთ ფარატინა ქაღალდით, რომლითაც შეიძლება არჩევნები გააყალბო, ეს არის ძალიან ცუდი ინიციატივა. უფასოდ სახლში უნდა მიუტანო პირადობის მოწმობა და არავინ ჩიპზე პრეტენზიას არ გამოთქვამს, გარდა ახირებული მოქალაქეების ნაწილისა. უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები და დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო სპეციალური მანქანა, აღჭურვილი სპეციალური ტექნიკით,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები