2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები ძალადაკარგულად გამოცხადდება - რას ამბობს შეხვედრიდან გამოსული კობახიძე
ლამინირებული პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობას "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე იმ საკითხებზე საუბრობს, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმდნენ და ამბობს, რომ ერთი მხრივ, მმართველი გუნდი "ევროპელი სოციალისტების" ინიციატივას მხარს დაუჭერს, რაც გულისხმობს არჩევნებში ლამინირებული პირადობის მოწმობებით მონაწილეობის მიღებას და ასევე, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ძველი პირადობის მოწმებების მქონეთა რაოდენობა შემცირდეს, ძალადაკარგულად გამოცხადდება 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები. შესაბამისად, როგორც კობახიძე ამბობს, ამ გზით შემცირდება ლამინირებულ პირადობის მოწმობების მქონე პირთა რაოდენობა.
თვითონ ეს კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს, თვითონ ამ კანონპროექტის მიხედვით იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა ასეთი პირადობების მოწმობების რაოდენობა დავა მინიმუმამდე, მაქსიმუმ იქნება 500-1000 კაცი, მეტი არა, გამომდინარე იქიდან, რომ რაზეც შევჯერდით დღეს, კონსულტაციები გაგრძელდება, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები და ყველა შესაბამისს ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი.
დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, მაშინ, როდესაც არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ არაელექტრონული პირადობის მოწმობები.
რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიერ არის წარმოდგენილი, ეს ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებსაც ხმის უფლებას, რაც უნდა დარჩეს ასე, ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ოღონდ ამასთან ერთად რაზეც შევჯერდით, ეს არის პრინციპული, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა გაუქმდება, რომელიც გაიცა 2011 წლამდე, შესაბამისად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, პრაქტიკაში დარჩება მაქსიმუმ 500, ამაზე შევჯერდით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად.
საუბარი იმაზე, რომ შეიძლება არჩევნების გაყალბებისთვის იყოს ეს გამოყენებული და ა.შ. ეს თავიდან ბოლომდე იხსნება, იმიტომ, რომ მაქსიმუმ 500 კაცი იქნება ისეთი, ვინც არაელექტრონული პირადობის მოწმობით მისცემს ხმას. მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს,“ - ამბობს კობახიძე.