ნიკა მელიას პარტიის წევრად არ განვიხილავთ - ბოკუჩავა

24.11.23 16:45
ნიკა მელიას პარტიის წევრად არ განვიხილავთ - ბოკუჩავა

ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ! - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მელიამ მანიფესტის ხელმოწერაზე უარით, მიხეილ სააკაშვილს კონტრშეთავაზება გაუკეთა კონტრდოკუმენტის სახით, რასაც ფრაქციის თავმჯდომარე გაუმართლებლად მიიჩნევს.

ერთობის მანიფესტის ინიციატორია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას არ შეუერთდება, თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა. ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის მანიფესტს არ უერთდება. მეტიც, მან ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა კონტრდოკუმენტის სახით, რაც მისი მხრიდან ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ერთობის დოკუმენტი მისთვის ახალი შესაძლებლობა ყოფილიყო, რათა გეოპოლიტიკურ არჩევნებში ერთიანი ძალებით შევსულიყავით. ერთობის მანიფესტი იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა ადამიანს, ვინც საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად მოიაზრებს, ჰქონოდა შესაძლებლობა, ერთობასთან დაკავშირებით განახლებული განაცხადი გაგვეკეთებინა - აქ პარტიის ყველა სხვა წევრთან ერთად, ნიკა მელიაც მოიაზრებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, შესაბამისად, მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ! ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო!“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფრაქციის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის მანიფესტზე უარი მხოლოდ ნიკა მელიასგან მოისმინა და არა პარტიის დანარჩენი წევრებისგან, რომლებიც, ბოკუჩავას შეფასებით, ერთობის დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ.

მე არ მინახავს  სხვა ადამიანების კონტრშეთავაზებები და კონტრდოკუმენტები პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ და არც ასეთი კატეგორიული უარი, რომ ისინი არ უერთდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს. ასეთი განაცხადი და ასეთი კონტრშეთავაზება, მე მხოლოდ მოვისმინე ნიკა მელიას მხრიდან. მე ვთვლი, რომ მათ გაიზიარეს ერთობის მანიფესტის სულისკვეთება". - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები