ქართლის მთები რუს ოლიგარქებს - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება

25.11.23 21:06
ქართლის მთები რუს ოლიგარქებს  - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება

ქართლის მთები რუს ოლიგარქებს - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზღვის დონიდან 2320 მეტრზე, წიფლის ტყეებით დაფარული ჯანჯამას მთა, რუსეთში გამდიდრებული კაცის საკუთრება გახდა. (7 მილიონ 500 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ქართლის მთებში, ჯამჯამას ორივე ფერდზე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ჭუმბურიძის საკუთრება გახდა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, ჯამჯამას მთის ტერიტორიაზე მდებარე 14 ნაკვეთი, ჯამში 5 781 055 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რუსული ბიზნესის ელიტის წარმომადგენლის საკუთრებად დარეგისტრირდა. 

ირკვევა, რომ გიორგი ჭუმბურიძემ ამავე პერიოდში, მთასთან მისვლამდე არსებულ, ბოლო სოფელში, კიდევ 1 768 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია გადაიფორმა  - სოფელ ლევიტანასა და ჯამჯამას მთაზე დაკანონებული მიწის ფართობების საერთო რაოდენობა 7 549 455 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 

ვინ არის გიორგი ჭუმბურიძე? - რუსული მედიას წერს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფიგურაა, არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან და გააჩნია დიდი გავლენები რუსულ ელიტაში. ჭუმბურიძე რუსეთში კომპანია ვერტიკალის ერთ-ერთი მფლობელია. ვერტიკალი რუსეთის ტერიტორიაზე 3500-ზე მეტ სატელეკომუნიკაციო ანძას ფლობს, ამ ანძების საშუალებით ვრცელდება რუსეთში მობილური კავშირგაბმულობა. ჭუმბურიძის კომპანია ემსახურება რუსი ოლიგარქების ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს და რუსულ სახელმწიფო კორპორაცია "როსტელეკომის" შვილობილ ფირმასაც. 

ქართლის მთების მფლობელი და კავშირგაბმულობის სფეროში, რუსული ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტი, არაერთ სკანდალშია გახვეული -  ჭუმბურიძის კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა, თქვა, რომ კომპანია ვერტიკალი ანძებზე, მიყურადების სისტემებს აყენებდა, რაც მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს აძლევდა საშუალებას, რუსეთის მოქალაქეების პირადი საუბრებისთვის მოესმინათ. 

დოკუმენტებით დგინდება, რომ ქართლის მთები გიორგი ჭუმბურიძემ მის ორ თანამფლობელთან ლიანა გაფრინდაშვილთან და ანა სანთელაძესთან ერთად შეიძინა. 

რა დანიშნულებისთვის იყიდა 7 მილიონ ნახევარზე მეტი კვადრატული მეტრი ტერიტორია რუსეთში გამდიდრებულმა კაცმა?!  - ქართლის მთების თანამფლობელს, ლიანას სხვა უძრავი ქონება საერთოდ არ უფიქსირდება.

ჯამჯამას მთის ფერდზე, 6 თვის წინ გაყიდულ, 750 ჰექტარ ტერიტორიას, სულ სამი მფლობელი ჰყავს. სამიდან ორის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ჩნდება აღქმა, რომ ისინი ტერიტორიების ფიქტიური მფლობელები არიან - ანუ მიწა სხვისია და მათ სახელზე უბრალოდ გადააფორმეს.

საინტერესო დეტალი - ქართლის მთების მესაკუთრე "შაბათის ეთერთან" ვერ ამბობს, რისთვის სჭირდება ტერიტორია გორის რაიონში. 

გარდა  ჯანჯამას მთისა გიორგი ჭუმბურიძემ ქართული ოცნების წევრისგან, გიორგი ბარვენაშვილისგან 14 ათასი კვადრატული მეტრის სასტუმრო  შეიძინა. ბარვენაშვილი კალაძისა და არჩილ თალაკვაძის მეგობარია. ის 2020 წლის საპარლამენტო სიაშიც იყო და დეპუტატი უნდა გამხდარიყო, როდესაც სია მასზე გაჩერდა.

რუსი ოლიგარქების ქართველი პარტნიორი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ კალაძის საძმოს შენობა მაკლერების საშუალებით არ უპოვია და კარგად იცოდა, ვისგან რა ყიდულობდა.

ქართლის მთების ახალი მფლობელი შაბათის ეთერის ინფორმაციით, კალაძესთან პირდაპირ კავშირზეა და საქართველოში მილიონების გადმოქაჩვის დროს,  მისი გარანტორი სწორედ თბილისის მერი იყო. 

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ კაცი, მოსკოვიდან, ვინც უკრაინაში ომის და დასავლური სანქციების შემდეგ საქართველოში მილიონობით დოლარის ქონება იყიდა, პუტინის ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ოფიციალური პარტნიორია. 

ყიდულობენ თუ არა ქართული გვარის მქონე ბიზნესმენების დახმარებით საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს რუსი ოლიგარქები - ნახეთ, მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები