როგორ აპირებს "ოცნება" 9 დათქმის შესრულებას? - ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება

27.11.23 12:00
როგორ აპირებს "ოცნება" 9 დათქმის შესრულებას? - ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება

როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. ეს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძე რამდენიმე საათში ღია შეთავაზებას გაუკეთებს ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს, ჩაერთონ კონსულტაციებში. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სთხოვს.  

ოპოზიციის ნაწილი უკვე მზად არის, მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში მიიღოს, რომელიც 9 დათქმის შესრულებას ემსახურება. ამის მიუხედავად, პარტიებში პირდაპირ ამბობენ, რომ 9 პუნქტის შესრულება იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე 12 რეკომენდაციის შესრულება. მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ "ოცნება" აღნიშნულ რეკომენდაციებს შეასრულებს. 

ფაქტია, რომ 9 პუნქტი, რომელიც მათ შორის, მოიცავს საკუთარ თავში ისევ დეოლიგარქიზაციას და ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას ვერ იარებს როგორც ბიძინა ივანიშვილის გავლენის აღკვეთას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იქნება წარუმატებელი და ის არ შესრულდება იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნება" არ არის დაინტერესებული შეასრულოს იმ ტიპის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის სწრაფ სვლაში და კანდიდატის სტატუსის მიღებაში, - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

 "ოცნების" მხრიდან 9 პუნქტის შესრულების იმედი არც "გირჩის" ლიდერს ალექსანდრე რაქვიაშვილს აქვს. 

ამ 9 პუნქტის  შესრულება, ჩემი აზრით, შეუძლებელი იქნება, გარდა იმ მეოთხესი, რომელიც არჩევნებს ეხება. უბრალოდ, იმიტომ, რომ სასაცილო იქნება დავავალოთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს გააკონტროლონ სუსი, როცა სუსი აქეთ აკონტროლებს ამ დეპუტატებს და ასე შეიძლება სხვა ყველა პუნქტს მივყვეთ. სინამდვილეში, ევროპელებმა გვითხრეს, არა კანონი შეცვალეთო, არამედ არაფორმალური მმართველობისგან გაათავისუფლეთ ეროვნული ბანკიო და ამ საკითხს რას უზამენ ქოცები, ძალიან დიდი ინტერესით დავაკვირდები. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს პუნქტები შესრულდება. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, არჩევნები ჩავატაროთ და არჩევნების შემდეგ თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ოპოზიცია, გაგვიჩნდება შანსი დანარჩენი 8 პუნქტი შევასრულოთ, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები