დაამტკიცებს თუ არა "ოცნება" საქართველოს დაცვის აქტს? - ხელისუფლება საგონებელშია
"ქართული ოცნება" საგონებელშია. დღეს მმართველმა პარტიამ უნდა თქვას, დაიწყება თუ არა ქვეყანაში ანტირუსული კამპანია და დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი "ლელოს" მიერ მომზადებულ საქართველოს დაცვის აქტს. თუ ხაზარაძის გუნდის მომზადებულ პროექტზე თანხმობას ბიურო გასცემს, განხილვები კომიტეტებზე დაიწყება.
ცხრა პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები დაუწესდებათ. რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ. აიკრძალება პუტინის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც. თუ პროექტი კანონად იქცევა, საქართველოში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ რუსულ ფონდებს.
თავად პარტია "ლელოს" ამ პროცესში ხელისუფლების თანამონაწილეობის იმედი არ აქვს.
ამ პროცესში "ქართული ოცნების" თანამონაწილეობის იმედი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, რადგან "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთის ინტერესებს და მათი დაინტერესება, რომ ეს 9 პუნქტი იქნეს მიღებული როგორც სამართლებრივი დოკუმენტები და კანონმდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, არ იარსებებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეკონტაქტოთ საზოგადოებას, ავუხსნათ ციფრებში, რა საფრთხესთან აქვს შეხება, როცა ამ ქვეყანაში 26 ათასი რუსული ბიზნეს სუბიექტი ფუძნდება და აქედან 22 382-ის შესახებ სახელმწიფოს და მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რა ტიპის საქმიანობას ეწევიან, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში რამდენიმე პუნქტს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, არსებობს შანსი, რომ ეს დოკუმენტიც "ოცნებამ" სათავისოდ გამოიყენოს.
არის ცალკეული საკითხები "ლელოს" ინიციატივაში, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვქონია პოზიცია და ჩვენც დაგვიინიცირებია საკანონმდებლო ინიციატივები. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ "ოცნება: რაიმე მსგავსი ტიპის დოკუმენტს, რომელიც მოიაზრებს რუსული რეჟიმის წარმომადგენლების ბოგინს ამ ქვეყანაში და ამის შეზღუდვას, ამას მხარს დაუჭერს, - ამბობს "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.