"გადადგეს" - ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ მელიას თანამოაზრეები მოუწოდებენ

27.11.23 13:06
"გადადგეს" - ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ მელიას თანამოაზრეები მოუწოდებენ

ნიკა მელიას მხარდამჭერები ენმ-ის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას სთხოვენ. აკაკი მინაშვილს და გიორგი პატარაიას მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილმა თავისი მოქმედებებით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დააზიანა. არც მინაშვილი და არც პატარაია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ აპირებენ. 

ადამიანები, ვინც პარტიიდან რამდენჯერმე გავიდნენ და ენმ-ს სიკვდილს ადარებდნენ, ბატონი ლევან ხაბეიშვილი, ეს ადამიანი ახლა ვერავის ვერ გარიცხავს პარტიიდან. ძალიან ცუდი და სამწუხარო რამ ხდება დღეს პარტიაში, დღევანდელი მენეჯმენტის გამო, ამის მკაფიო მაგალითი იყო ის კონფერენცია ვარდების რევოლუცია 20 წლისთავზე და ის მანიფესტი, რომელიც უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი, პარტიის გამაძლიერებელი და ამის მაგივრად მენეჯმენტმა ეს დოკუმენტი აქცია  დაყოფის და დასუსტების, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების დოკუმენტად. ადამიანებს უნდა ეყოთ პასუხისმგებლობა და გონიერება და გადადგნენ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი მმართველობა არის და ეს ეტყობა პარტიის საქმიანობის შედეგებს,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.

როგორც გიორგი პატარაია ამბობს, პოლიტიკური საბჭოს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.  

სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, ჩემთვის ანალოგი ჩემს მეხსიერებაში თუ მოიძებნება, ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და რაღაც სასჯელებს უწესებდნენ, ცოტა წარმოუდგენელი ამბავია. ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები, მან აიღოს პასუხისმგებლობა თავისთავზე იმ ჩადენილ შეცდომებზე, რბილად რომ ვთქვათ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა პარტიაში, აიღო პასუხისმგებლობა იმ დაპირებებზე, რომელიც ვერ შეასრულა, გადადგეს. 
მე ნამდვილად არსად არ წავსულვარ ენმ-დან არასდროს, ამ პარტიაში გახლავართ უკვე 22 წელია და არც ახლა ვაპირებ წასვლას, თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, მაგას ვიხილავთ,“ - ამბობს გიორგი პატარაია.

 

მსგავსი სიახლეები