"კედლების გამოშრობა არ ხდება" - გელათში, სადაც ფრესკები ნადგურდება, ახალი დროებითი გადახურვა ზამთარში დამონტაჟდება
გელათის ისტორიულ ტაძარში, სადაც წყალი ჩადის და ფრესკები ნადგურდება, დღეს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. დავით ლორთქიფანიძე იმერეთში არქიტექტორებთან ერთად ჩავიდა.
ლორთქიფანიძის თქმით, არსებული დროებითი გადახურვა მოიხსნება და ახალ სახურავს შეიძენენ - გადახურვის ცვლილება ზამთარში იგეგმება.
უკვე გაგზავნილია იუნესკოში ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდება უკვე საბოლოოდ მისი გადახურვა დროებით, ახლა ხდება წმინდა ტექნიკური საკითხების შეთანხმება, რომ როცა ჩამოვა მასალა გერმანიიდან, სად უნდა მოხდეს მისი შენახვა, ანუ სამუშაო პროცესია. იდენტიფიცირებული ზონები, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის დაზიანება, ეს ყველაფერი არის განსაზღვრული, ამის მიხედვით არის შედგენილი გეგმა, დაკვირვება მუდმივ პროცესშია, ჯგუფები მუშაობენ. ასევე სპეციალური აპარატურაა დაყენებული, რომელიც ახდენს მუდმივ დაკვირვებას,“ - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
ახალი გადახურვის გაკეთება კი იმის გამო გახდა საჭირო, რომ არსებული მთავარ პრობლემას ვერ აგვარებს, საჭიროა კედლების გამოშრობა, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია.
ამ წუთში მე როგორც ვიცი, დროებითი გადახურვა, რომელიც გაკეთებულია „ჟეშტის“ - ის არ უშვებს წყალს. პრობლემა არის ამ ტიპის გადახურვის დროს არის ის, რომ არ ხდება გამოშრობა კედლების ანუ ვერ ხერხდება მკურნალობა, განიავება, ამიტომ არის აუცილებელი კიდევ ერთი დროებითი გადახურვის მოწყობა, რომ ეს დროებითი გადახურვა მოვხსნათ და შემდეგ დავიწყოთ. დღემდე მიმდინარეობს ლოჯისტიკური სამუშაოები, რა სად უნდა დასაწყობდეს, ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს ამის აშენება,“ - ამბობს არქიტექტორი.