თანახმაა თუ არა "ოცნება" ქვეყანაში ანტირუსული კამპანია დაიწყოს - პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება
თანახმაა თუ არა "ოცნება" ქვეყანაში ანტირუსული კამპანია დაიწყოს - პარლამენტში ამ წუთებში ბიუროს სხდომა იწყება. ოპოზიციურ პარტიაში რუსულ საფრთხეებს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამენ. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოსკოვს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საკუთარი მოქალაქეები მისი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია. ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ეს გარემოება ქვეყანაში აგრესიის განსახორციელებლად გამოიყენოს.
საქართველო არის ლამის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ, პრაქტიკულად, იგივე უფლებები და შესაძლებლობები, რაც ადგილობრივებს და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები, რუსეთისთვე განცხადებით, არის მისი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი და ამ მოქალაქეების შესვლა სხვა ქვეყანაში ხშირად არის გამოყენებული რუსეთის მხრიდან შესაბამისი აგრესიის განსახორციელებლად. „ლელოს“ 9 ნაბიჯი, ეს არის კონკრეტული მექანიზმები, რომლითაც ქვეყანა უნდა გახდეს დაცული იმ საფრთხეებისგან, რომელიც მოჰყვება რუსეთის მოქალაქეებს, მოჰყვება კრემლისტურ ფონდებს და მედიასაშუალებებს საქართველოში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
"ლელოს" დოკუმენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ცხრა პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები დაუწესდებათ. რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ. აიკრძალება პუტინის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც. თუ პროექტი კანონად იქცევა, საქართველოში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ რუსულ ფონდებს.