ლელოს ჩვენ გავიტანთ და დავდებთ 2024 წელს - გურამ მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი "ლელოს" მიერ ინიცირებულ დოკუმენტს აკრიტიკებს, რომელიც მიზნად ქვეყანაში ანტირუსული კამპანიის წარმოებას ისახავს. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიის მიზანს მხოლოდ რადიკალიზმი წარმოადგენს.
ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ლელოს სწორედ მმართველი პარტია დადებს და გაიმარჯვებს.
ეს ის „ლელოა“, რომლის წარმომადგენელიც, ქალბატონი სამადაშვილი პირდაპირ აღიარებულია მისი კოლეგა ოპოზიციონერების მიერ ბრიუსელში რომ აშავებდა თავის ქვეყანას. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? მისი თავმჯდომარე კი ბატონი ხაზარაძის სახით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ასფალტების დაგების წინააღმდეგობა იყო, რომ თურმე თუ ასფალტს დააგებენ, რუსული ტანკები შემოვიდოდა და თუ ვერ დააგებენ, ეს ხელს შეუშლიდა რუსული ტანკების შემოსვლას. დღესაც ის ითხოვს თავისი ქვეყნის დასანქცირებას, თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასანქცირებას. ანუ დღის წესრიგში ამ ხალხს აქვს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზმი და იმ რუსეთის მოქალაქეებში ძალიან ბევრი რომ ეთნიკურად ქართველია და ჩვენი მოქალაქეა, ეს მათ არ ადარდებთ. რატომ? იმიტომ, რომ დღის წესრიგში უკვე სხვა საქმე მათ არ აქვთ. ამიტომაც ლელოს ჩვენ გავიტანთ და დავდებთ 2024 წელს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
"ლელოს" დოკუმენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ცხრა პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები დაუწესდებათ. რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ. აიკრძალება პუტინის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც. თუ პროექტი კანონად იქცევა, საქართველოში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ რუსულ ფონდებს.