კაბუს ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე პროკურატურამ კაბუს ბრალი წარუდგინა. როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ კაბუმ მასთან მყოფ ქალს ფეხის არეში დანა ჩაარტყა და დაზარალებულს დასახიჩრებით დაემუქრა.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაზარალებულმა გაჩერებული საპატრულო პოლიციის მანქანა დაინახა, რა დროსაც მიმავალი მანქანის კარი გახსნა და პოლიციას დასახმარებლად მიმართა. პოლიცია მომღერლის მანქანას აედევნა, ავტომანქანა გააჩერებინა და ადგილზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს," - წერია პროკურატურის განცხადებაში.