მოვითხოვთ, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სიაში შევიდნენ თამაზ გინტურის მკვლელები და მათზე დაწესდეს საერთაშორისო სანქციები - ბოკუჩავა
„როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა, „ოცნებამ“ დღეს ბიუროზე კიდევ ერთხელ განაცხადა უარი, რომ საერთოდ განიხილოს ეს რეზოლუცია, ამიტომ ჩვენ იმავეს მოვითხოვთ ხვალ სხდომაზე, რომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სიაში შევიდნენ თამაზ გინტურის მკვლელები და მათზე დაწესდეს საერთაშორისო სანქციები.“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„8 ნოემბერს ოპოზიციამ დაარეგისტრირა ერთობლივი რეზოლუციის ინიციატივა საქართველოს პარლამენტში, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტმა იმსჯელა და მიიღო ამ საკითხზე რეზოლუცია, საქართველოს პარლამენტი, „ოცნება“ უარს აცხადებს, რომ საერთოდ განიხილოს ეს რეზოლუცია. ეს საკითხი დადგა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, ეს საკითხი განიხილა ბიურომ, მაგრამ არცერთმა საპარლამენტო ორგანომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ მიეცეს მსვლელობა და დაჩქარებული წესით საქართველოს პარლამენტმა ამოიღოს ხმა და გამოეხმაუროს ჩვენი მოქალაქის მკვლელობას. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს უწევს ევროპას, ევროპარლამენტს და გვიწევს ჩვენ, მაგრამ „ოცნება“ დუმს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში, ჩვენ იმავეს მოვითხოვთ ხვალ სხდომაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც მყისიერად უნდა რეაგირებდეს საქართველოს პარლამენტი და ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მათ შორის იმისთვის, რომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სიაში შევიდნენ თამაზ გინტურის მკვლელები და მათზე დაწესდეს საერთაშორისო სანქციები. ამას ითხოვს სწორედ ევროკავშირი და ამას ვითხოვთ ჩვენც.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ