თუ არ გეშინიათ დისკუსიის გახსნის, მაშინ ნუ ბლოკავთ „ლელოს“ ინიციატივებს უხერხემლო მცდელობებით - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

27.11.23 16:51
თუ არ გეშინიათ დისკუსიის გახსნის, მაშინ ნუ ბლოკავთ „ლელოს“ ინიციატივებს უხერხემლო მცდელობებით - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

"ეს არის თქვენი, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ რომ, გეშინიათ „საქართველოს დაცვის აქტის“, - ეს განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი“ - მსვლელობა არ მიეცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, პარლამენტის აპარატს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მოტივაციისთვის იყენებს. მისივე განმარტებით, არაფერი საერთო ამ რეზოლუციას არ აქვს იმ საბიუჯეტო გათვლებთან, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობს. 

ეს არის თქვენი გუნდის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვერ შეძლებთ, რომ ეს გააფორმოთ, თითქოს, „საბიუჯეტო ოფისმა ხარვეზები დაადგინა“. ეს არის ძალიან ნათელი ფარსი. მე არ ვაკადრებ ნამდვილად პარლამენტის თანამშრომლებს, რომ ვთქვა, ისინი არიან უკიდურესად არაკომპეტენტურები, ამ დასკვნის მომზადების გამო, მაგრამ როგორმე პარლამენტის აპარატის თანამშრომელი უნდა არჩევდეს ერთმანეთისგან რეზოლუციასა და კანონპროექტს. არაფერი საერთო ამ რეზოლუციას არ აქვს იმ საბიუჯეტო გათვლებთან, რომელზეც თქვენ საუბრობდით. ეს არ არის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის თქვენი, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ რომ, გეშინიათ. „საქართველოს დაცვის აქტის“ გეშინიათ, რომლის არსი არის ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების, მათზე ქართული მიწის უკონტროლო მიყიდვის, მათ მიერ ბიზნესების ასევე უკონტროლო წარმოების საკითხები და ის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დაგროვდა. გეშინიათ ეს დისკუსია არ გაიხსნას პარლამენტში და ეს მტკიცებულებები არ გახდეს საჯარო, ამის გეშინიათ და ეს არის ამის დაბლოკვის უგერგილო მცდელობა.

მე ხელთ მაქვს მსგავსი შინაარსის რეზოლუცია, რომელიც ამავე მოწვევის პარლამენტში არის დარეგისტრირებული და იმ უწყებამ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, დადებითი დასკვნა გასცა. უბრალოდ, წინა ხელმძღვანელი აწერს ხელს. ძალიან საინტერესოა, ასეთივე შინაარსის რეზოლუცია, რამდენიმე თვის წინ, შესაბამისად რომ ჩაითვალა და თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში მომზადებული ეს აქტი არ ჩაითვალა შესაბამისად.

რომ ამბობთ ხარვეზიაო, ხარვეზი კი არა უბედურებაა ქვეყნის თავზე. როცა რუსეთს დეკლარირებული აქვს, რომ მისი მოქალაქეები რომელ ქვეყანაშიც შედიან, მას უყურებს ჰიბრიდული ომის იარაღად. გაცხადებული აქვს საკუთარ კონსტიტუციაში, რომ შეუძლია წაყვეს თავის მოქალაქეს და იქ წესრიგი დაამყაროს. ამისთვის გყავთ გაწირული ეს ქვეყანა, რომ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ყოველგვარი ვიზისა და ინდივიდუალური შეფასების გარეშე შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. ვინ მოდის ტურისტად, უსაფრთხოდ და ვინ დივერსანტად, რომ ეს ქვეყანა გადაუფორმოს კრემლს, ამის შემოწმების, კონტროლის გარეშე გახსნილი გაქვთ კარი და ეს ქვეყანა გაქვთ შეტოვებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ექსპანსია განახორციელოს ოკუპანტმა სახელმწიფომ. გინდათ თქვათ, რომ აქ რაღაც პროცედურული ხარვეზია? არ არის არანაირი პროცედურული ხარვეზი. ხარვეზი კი არა უბედურებაა, რომლის საპირისპიროდაც ძალიან კონკრეტული პაკეტია დაინიცირებული და თუ არ გეშინიათ ამ დისკუსიის გახსნის, მაშინ ნუ ბლოკავთ ამ ინიციატივებს მსგავსი უხერხემლო მცდელობებით. ეს არის ჩემი მოწოდება. ბიურო იქნება პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენ არ იცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და აგრძელებთ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის კომფორტული რეჟიმის შექმნას ამ ქვეყანაში. აგრძელებთ მათი ინტერესების დაცვას და არა ქართველი ხალხის ინტერესების. ამ რეზოლუციაში წერია, რომ პარლამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები. ამ ნაბიჯების გადადგმაში იგულისხმება სწორედ, რომ ეს დათვლები ამ რეზოლუციას არ უნდა მოჰყვებოდეს. ეს არის ელემენტარული ლოგიკა. ეს არ შეგვაჩერებს ნამდვილად. თქვენ კი პარლამენტის აპარატს იყენებთ პოლიტიკური მოტივაციისთვის. ეს უფრო დიდი შეურაცხყოფაა”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის განცხადებას, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. ბიურომ ოპოზიციის ცხრა პუნქტიანი გეგმა საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საბაბით დაბლოკა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია დაითვალოს, რა გავლენა ექნება ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტზე.

საბიუჯეტო დასკვნის საკითხი სწორედ იმას შეეხება, რომ მნიშვნელოვანია დაითვალოს, რა გავლენა ექნება ამას სახელმწიფო ბიუჯეტზე და აქედან გამომდინარეობს ეს დასკვნა. დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის, თუმცა, ფაქტია, რომ ხარვეზიანია თქვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესოს. 

კობახიძის საპარლამენტო გუნდის მიერ "ლელოს" მომზადებული "საქართველოს დაცვის აქტი"-ის დაბლოკვა ნიშნავს იმას, რომ  რუსები ჩვენს ქვეყანაში ისევ უკონტროლოდ შემოვლენ. უპრობლემოდ შექმნიან კომპანიებს, მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში, იყიდიან მიწებს და დააგროვებენ ქონებას. გაგრძელდება ჰიბრიდული ომი -  პროპაგანდისტული მაუწყებლებით   რუსული დეზინფორმაციის გავრცელება.

 

მსგავსი სიახლეები